ბიოგრაფია 8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.
ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები...